საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გუშინ გასულ იმიტირებული "ქრონიკის" მომზადებასთან ხელისუფლების კავშირს უარყოფს.
"ეს ხელისუფლების პროპაგანდის ნაწილს არანაირად არ წარმოადგენდა. რეპორტაჟი, რომელიც ეთერში გავიდა კერძო ტელეკომპანიის გამონაგონი იყო", - განუცხადა ცისკარიშვილმა ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტიების ლიდერების იმ მოსაზრებებზე კომენტირებისას, რომლებიც "მოდელირებული ქრონიკის" უკან ხელისუფლების დაკვეთას ხედავენ.
"იმაზე, რომ იმიტირებულ "ქრონიკას" არანაირი კავშირი არ აქვს ხელისუფლებასთან ისიც მეტყველებს, რომ მასში ქართული ჯარი არასასურველ კონტექსტშია მოხსენიებული, რასაც ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ. იმის თქმა, რომ ქართულმა არმიამ უღალატა სამშობლოს და მტრის მხარეს გადავიდა მიუღებელია", - განმარტა ცისკარიშვილმა.