საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გუშინ გასულ იმიტირებულ "ქრონიკას" "უსიამოვნოს" უწოდებს, თუმცა აქვე აცხადებს, რომ რეპორტაჟი არსებულ ვითარებასთან "მაქსიმალურად მიახლოებული იყო".
"რაც გუშინ ვიხილეთ არასასიამოვნო იყო და მიმაჩნია, რომ სხვანაირად უნდა გაკეთებულიყო. მართალია, გააფრთხილეს ხალხი გადაცემის პირველ ნაწილში, რომ ეს იყო ინსცენირება, მაგრამ მიმაჩნია, რომ შესაბამისი წარწერა მთელი გადაცემის განმავლობაში უნდა ყოფილიყო ეკრანზე. გუშინდელი ფილმი იყო არასასიამოვნო, მაგრამ მთავარი უსიამოვნება იყო იმაში, რომ ეს რეპორტაჟი მაქსიმალურად ახლოსაა არსებულ ვითარებასთან - იმასთან, რაც შეიძლება მოხდეს და რაც საქართველოს მტერს თავში უდევს", - განაცხადა სააკაშვილმა აღნიშნულ საკითხე კომენტირებისას დღეს, ბოლნისის რაიონში სტუმრობისას.
ამასთან, ქვეყნის პირველმა პირმა საქართველოს შეიარაღებული ძალების არასასურველ კონტექსტში მოხსენიებაც გააკრიტიკა, რასაც იმიტირებულ "ქრონიკაში" ჰქონდა ადგილი და მას "უსამართლო" უწოდა.
"რეპორტაჟში იყო უსამართლო მინიშნება შეიარაღებულ ძალებზე, რომელმაც აგვისტოს ომის დროს გასაოცარი გამბედაობა გამოიჩინა. ჯართან არის სიფრხილე საჭირო - ეს არის ის, რაზეც ქართული სახელმწიფო დგას", - განმარტა სააკაშვილმა.
რაც შეეხება იმას, რომ იმიტირებულ "ქრონიკაში" თავად პრეზიდენტ სააკაშვილის ლიკვიდაციაზეც იყო საუბარი, ქვეყნის პირველი პირის თქმით, "ის ამას იუმორით შეხვდა".
"მე თუ უნდათ 100-ჯერ მომკლან, ამას იუმორით ვუყურებ, მაგრამ ჯარზე არავის მივცემ უსამართლო განცხადებების გაკეთების უფლებას", - დასძინა ქვეყნის პირველმა პირმა.
მასალის გამოყენების პირობები