ტელეკომპანია "იმედის" გენერალური დირექტორი გიორგი არველაძე არხის ეთერში გუშინ გასულ იმიტირებულ "ქრონიკასთან" დაკავშირებით საზოგადოებაში შექმნილ პანიკას facebook- ის მეშვეობით ეხმაურება.
"ხალხის განერვიულება ნამდვილად არ ყოფილა არავის მიზანი და გადაცემის წინ გაკეთებული შესავალი, რომ ეს გადაცემა ყველაზე მძიმე რუსული სცენარის იმიტაცია იქნებოდა, სამწუხაროდ, არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ საზოგადოების წარმომადგენლებს არ დაეჯერებინათ, რომ დღეს ივნისია, რომ არჩევნები უკვე ჩატარებულია, რომ სამი დღის წინ თბილისში მიტინგი იყო და მომიტინგეები დახოცეს, რომ თბილისის თავზე რუსეთის ბომბდამშენები დაფრინავენ და ქალაქს ბომბავენ და ა.შ...", - ასეთია არველაძის კომენტარი, რომელიც ფაცებოოკ.ცომ-ზე გავრცელდა.
აღნიშნულ კონტექსტში, არველაძე მიიჩნევს, რომ "უკეთესად უნდა ყოფილიყო ახსნილი, რომ მთელი ამხელა კატაკლიზმები, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, ამხელა მოძრაობები პოლიტიკურ ასპარეზზე, მომავალი დრო და ეს ყველაფერი რეალობაში (თანაც ბოლო ნახევარ საათში) არ ხდებოდა, რის გამოც ის "იმედის" მიერ გამოთქმულ ბოდიშს ეურთდება.
ამასთან, ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი საზოგადოებას რჩევასაც აძლევს და მიიჩნევს, რომ "მთავარია იმ უბედურებაზე კი არ ვინერვიულოთ, რაც გვგონია, რომ ხდება, არამედ სწორად შევაფასოთ ის მოვლენები, რაც მართლა ხდება და რაც ხვალ უეჭველი მიგვიყვანს უბედურებამდე".
"ვიცი ჩემი კომენტარი დიდ აჟიოტაჟს გამოიწვევს... არავის ისედაც უკვე მოშლილი ნერვების მოშლა არ მინდა... უბრალოდ, თუ რამეზე დაფიქრება გინდათ, იმაზე დაფიქრდით, 1920 წლის ბოლოს, საქართველოში რომ ყოფილიყო ტელევიზია და გაეშვა იმიტაცია ზუსტად იმისი, რაც 1921 წლის თებერვალში მოხდა, ხომ შეიძლება, რომ უფრო მეტ ქართველს სხვანაირად შეეხედა საფრთხეებისთვის და უფრო მაგრა დავხვედროდით მტერს, ხომ შეიძლება მინიმუმ შულავერის კომიტეტის შექმნა მაინც არ დაგვეშვა", – აცხადებს არველაძე.
მასალის გამოყენების პირობები