"ალიანსი საქართველოსთვის" ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გუშინ გასულ იმიტირებულ "ქრონიკასთან" დაკავშირებით სრულ პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს.
"ალიანსი საქართველოსთვის" კატეგორიულად გმობს ტელეკომპანია "იმედზე" 13 მარტს გასული საინფორმაციო გადაცემა "ქრონიკის" ე.წ. იმიტაციას, რამაც საქართველოს მოსახლეობაში უმძიმესი სტრესი გამოიწვია და შოკისმომგვრელი ზემოქმედება მოახდინა ხალხზე. აღნიშნული გადაცემის მომზადებასა და მის შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას, რომელმაც პრაქტიკულად მთელი სატელევიზიო სივრცის მონოპოლიზაცია განახორციელა და ამ გზით ინფორმაციულ ტერორს უწყობს საკუთარ მოსახლეობას", - განაცხადა ალიანსის თანათავმჯდომარე დავით გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე განმარტებით, "ეს მანიაკალური იმიტაცია მიზნად ისახავდა ხალხის დაშინებასა და დაშანტაჟებას".
"ხელისუფლების ყოვლად უპასუხისმგებლო ქმედებამ, 2008 წლის აგვისტოს ომისგან ისედაც ტრავმირებულ ადამიანებში, მასობრივი პანიკა და მძიმე ფსიქოლოგიური სტრესი გამოიწვია. კარგა ხანია სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების ხელში ტელევიზია დეზინფორმაციის წყაროდ და სიცოცხლისათვის საშიშ პროპაგანდისტულ იარაღად გადაიქცა. არჩევნების წინ ხელოვნური ისტერიის მოწყობა სააკაშვილის უკვე ჩვეული ხელწერაა.
გიგი უგულავას სავარძელსა და "ნაციონალური მოძრაობისთვის" ძალაუფლების შენარჩუნებას არ უნდა ეწირებოდეს საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობა და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი", - განმარტა გამყრელიძემ.
აღნიშნულ კონტექსტში, "ალიანსი საქართველოსთვის" მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას სათანადო შეფასება მისცეს ხელისუფლების ქმედებას.
"აღნიშნული ფაქტი უნდა გახდეს საფუძველი იმისა, რომ მათი მონაწილეობით უახლოეს პერიოდში შეიქმნას ხელისუფლების მიერ კონტროლირებული სატელევიზიო არხების მონიტორინგის სპეციალური ჯგუფი.
იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება და დასავლეთის დემოკრატიული ქვეყნები არ მისცემენ საშუალებას მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს ისტერიულ ფონზე ჩაატაროს მომავალი არჩევნები, ხოლო ქართველი ხალხი ამ არჩევნებს ქვეყანაში რეალური ცვლილებებისთვის გამოიყენებს", - დასძინა მან.
მასალის გამოყენების პირობები