"ქრისტიან-დემოკრატები" იმიტირებული "ქრონიკის" "ავადმყოფური იდეის" ავტორების გამოსავლენად გამოძიების დაწყებას მოითხოვენ.
"ჩვენ ვითხოვთ სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება, რათა გამოვლინდეს ყველა ის პირი, ვის თავშიც დაიბადა და შემდეგ განხორციელდა ეს ავადმყოფური იდეა. ასევე ვითხოვთ დაგეს ამ ადამიანების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი. ქვეყანა არ უნდა გადავაყოლოთ სააკაშვილისა და მისი ყოფილი თანაგუნდელების ისტერიულ თამაშებსა და პროპაგანდისტულ მანიპულაციებს", - განაცხადა "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელმა გიორგი ახვლედიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე შეფასებით, "იმედის" არხზე გასული გადაცემა "ეს იყო ხელისუფლებაში დაბადებული და მათი ინსტრუქტაჟით შესრულებული სპეციალური დავალება, რაც საზოგადოების ზომბირებას და სრულიად გაუმართლებელი პანიკის დათესვას ემსახურებოდა".
"გუშინ ჩვენ ყველანი გავხდით მოწმე, თუ სადამდე შეიძლება მივიდეს ხელისუფლების ისტერიული პროპაგანდა. "ქრისტიან-დემოკრატებს" ეჭვი არ გვეპარება, რომ ის რაც "ტელეიმედის" მოდელირებულ ქრონიკაში ვიხილეთ, იყო ხელისუფლებაში დაბადებული და მათი ინსტრუქტაჟით შესრულებული სპეციალური დავალება, რაც საზოგადოების ზომბირებას და სრულიად გაუმართლებელი პანიკის დათესვას ემსახურებოდა. რუსეთის მხრიდან საფრთხეები რეალურად არსებობს და ჩვენ ამაზე საუბარს არასოდეს ვერიდებით, მაგრამ ამ საფრთხეების გაბუქება და საკუთარი ხელისუფლების მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ომის გამოცხადება სრულიად გაუმართლებელია", - განმარტა ახვლედიანმა.
მასალის გამოყენების პირობები