საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის აუდიტორიაში გამომცემლობამ "დიოგენე" პრესკონფერენცია გამართა პროექტის „2014 - წიგნიერების წელი" შესახებ.
როგორც "დიოგენეს" დირექტორმა თამარ ლებანიძემ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 2013 წლის 21 ნოემბერს გამომცემლობა „დიოგენეს" ინიციატივით და მხარდამჭერი ორგანიზაციების მონაწილეობით დაიწყო კამპანია, რომლის ამოცანა იყო საქართველოში 2014 წლის წიგნიერების წლად გამოცხადება. ამ მიზნით შექმნილ სპეციალურ პეტიციაზე 10 000-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა. საქართველოს მოქალაქეები პეტიაციას ხელს აწერდნენ: უნივერსიტეტებში, ბიბლიოთეკებში, წიგნის მაღაზიებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. პეტიციაზე ხელმოწერები შეგროვდა ელექტრონულადაც.
პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ხელნაკეთი წიგნი, სადაც თავმოყრილია პროექტ ,,2014 - წიგნიერების წლის" მხარდამჭერთა ხელმოწერები. წიგნი სადაც შეგროვდა ხელმოწერები გადაეცემა: საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრს, განათლების და კულტურის მინისტრებს. პროექტთან დაკავშირებით მიმდინარეობს აგრეთვე ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები პროექტში ჩართულობათსთან დაკავშირებით.
დიოგენეს დირექტორმა თამარ ლებანიძემ გამოავლინა წიგნიერების წლის ლოგოს კონკურსის ორი გამარჯვებული, ბექა ჩხენკელი და ია გიგოლაშვილი. კომპანია "ბილაინმა" გამარჯვებულებს ფულადი პრემია 250 ლარის ოდენობით გადაეცა.