24 იანვარს, ნოტარიუსებისთვის, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში სემინარები დაიწყო. სემინარს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ატარებენ.
სწავლების თემაა: „განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონულ წიგნში ნოტარიუსის მიერ სავალდებულო წესით დამოწმებული იპოთეკის ხელშეკრულების განაცხადის წარდგენა".
2014 წლის 28 იანვრიდან, სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილების თანახმად, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე იპოთეკის ხელშეკრულება მხოლოდ სანოტარო წესით უნდა დამოწმდეს (ეს პირობა არ ვრცელდება ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და სადეპოზიტო დაწესებულებებზე).
ამასთან, იპოთეკის ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების გარდა, ნოტარიუსმა უნდა უზრუნველყოს იპოთეკის საჯარო რეესტრში რეგისტრაციაც.
სანოტარო ბიუროში მისული მოქალაქე მომსახურებას მარტივად და კომფორტულად მიიღებს - იპოთეკის ხელშეკრულების გასაფორმებლად და დასარეგისტრირებლად მას სანოტარო ბიუროდან გასვლა აღარ დასჭირდება.
სემინარის მიზანია, ნოტარიუსებმა შეუფერხებლად შეძლონ რეგისტრაციის პროცედურების განხორციელება. სწავლებას საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი 248 ნოტარიუსი გაივლის.
ტესტირების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, ნოტარიუსებს შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცემათ.