დღეს, 14 მარტს, კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისია ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გუშინ გასულ იმიტირებულ "ქრონიკასთან" დაკავშირებით საგანგებო განცხადებას გააკეთებს.
სპეციალური პრესკონფერენცია კომისიაში 12:00 საათზეა დანიშნული.
შეგახსენებთ, რომ "იმედის" ეთერში გუშინ, 13 მარტს გასულმა "ომის იმიტაციამ" საზოგადოებაში მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვია.
გადაცემამ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საყვედური დაიმსახურა. პრეზიდენტის პოზიცია საზოგადოებას და გადაცემის მსვლელობისას სტუდიაში მყოფ სტუმრებს პრეზიდენტის პრესპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გააცნო. მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ იგი სტუდიაში პრეზიდენტის დავალებით მივიდა.
მანჯგალაძის თქმით, როდესაც მსგავსი გადაცემა კეთდება, ეთერში მსვლელობისას გამაფრთხილებელი წარწერა უნდა ყოფილიყო.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ საქართველოს მოსახლეობა ისედაც მძიმე მდგომარეობაშია და დამატებით მათ მიმართ გაუფრთხილებლობა არ შეიძლება.
მანჯგალაძემ გადაცემის ავტორს საზოგადოებისა და ქართველი ჯარისკაცებისთვის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.
იმიტირებულ გადაცემაში საუბარი იყო იმის შესახებ, თითქოს ქართული არმიის ნაწილი მტრის მხარეს გადავიდა.