სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მრევლს სინანულისკენ მოუწოდებს.
ამასთან, საკვირაო ქადაგებისას უწმინდესმა ადამიანებს პესიმიზმისა და სასოწარკვეთილებისგან თავის შეკავება სთხოვა.
"პესიმიზმი და სასოწარკვეთილება ეს არის ცოდვა ღვთის წინაშე. რაც არ უნდა დიდი იყოს განსაცდელი, არ გვაქვს პესიმიზმის უფლება. ჩვენ უნდა გვქონდეს იმედი ღვთისა, უნდა გვიყვარდეს ადამიანი და გვძულდეს ცოდვა", - განაცხადა პატრიარქმა.
მისივე თქმით, ადამიანს მუდმივად აქვს განსაცდელი, თუმცა ის მოთმინებით უნდა დაძლიოს.
"ადამიანის ცხოვრება არის გამოცდა, რომლისაც ადამიანს არ უნდა შეეშინდეს", - ბრძანა ილია მეორემ.
გარდა ამისა, საკვირაო ქადაგებისას უწმინდესმა მრევლს მშობლების პატივისცემისკენ მოუწოდა.
ქადაგების შემდეგ უწმინდესმა ექვსი: ალანიების, თოდუების, ბენდელიანების, ჩოკოშვილების, თარხნიშვილებისა და ბურდულების გვარები დალოცა.