მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობას საერთაშორისო ტრანზაქციებთან დაკავშირებული საგადასახადო პროცედურების დახვეწაში დაეხმარა. როგორც მსოფლიო ბანკის საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების საკონსულტაციო პროგრამაში განმარტავენ, აღნიშნული აღნიშნულ სფეროს კიდევ უფრო გამჭვირვალეს გახდის, გაზრდის საგადასახადო შემოსავლებს ქვეყნის ბიუჯეტში და ინვესტორთა ნდობას განამტკიცებს.
საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების პროექტის ხელშეწყობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ შეიმუშავა და დაამტკიცა საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების მეთოდები.
პროექტი მთავრობას ამ საკანონმდებლო აქტის განხორციელებისთვის თანამშრომლების მომზადებაშიც შეუწყობს ხელს. საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციები ძირითადად შეეხება იმ შემთხვევებს, როდესაც ორი ერთმანეთთან დაკავშირებული კომპანია, სათავო და შვილობილი კომპანია, ან ერთი სათავო კომპანიის ორი შვილობილი კომპანია ერთმანეთთან სავაჭრო ოპერაციებს აწარმოებენ. ეს კანონქვემდებარე აქტი მთავრობას საშუალებას მისცემს უზრუნველყოს სამართლიანი საგადასახადო სისტემა და ქვეყნის საინვესტიციო გარემო კიდევ უფრო მიმზიდველი გახადოს.
„ხალი წესები საერთაშორისო კომპანიებს დაეხმარება უფრო ადვილად შეასრულონ თავიანთი საგადასახადო ვალდებულებები. ამასთანავე, ეს წესები საზოგადოებრივი ინტერესების დაცვასაც უზრუნველყოფს. ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოში კერძო სექტორის განვითარების წახალისების გზაზე"- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
ახალი წესები საშუალებას აძლევს კომპანიებს შემოსავლების სამსახურთან წინასწარ შეთანხმებას მიაღწიონ საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასებასთან დაკავშირებით, რაც ამ სფეროში კერძო კომპანიებისთვის მეტ სიცხადეს უზრუნველყოფს. ახალი წესები სრულად შეესაბამება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ დამკვიდრებულ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. ეს საკანონმდებლო ინიციატივა ინვესტორებს საქართველოში თავიანთი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებაში დაეხმარება.
„ულტინაციონალური კომპანიები ხშირად აწყდებიან პრობლემებს საგადასახადო სფეროში. ამიტომაც მარტივი და მკაფიოდ გაწერილი პროცედურები უცხოელი ინვესტორებისთვის ერთგვარ სტიმულს წარმოადგენს. ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოს მთავრობას, შექმნან მარტივი, ეფექტიანი და ბიზნესისთვის მისაღები რეგულირების წესები, რაც ბიზნესის წარმოებასთან დაკავშირებულ ხარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებს და მეტ უცხოურ ინვესტიციას მოიზიდავს საქართველოში", განაცხადა IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში თომას ლუბეკმა.
ახალი წესები ქართულთან ერთად ინგლისურ ენაზეც გამოქვეყნდება, რაც უცხოელ ინვესტორებს მათი გაცნობის საშუალებას მისცემს. საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების პროექტი კერძო კომპანიების წარმომადგენლებს ტრენინგსაც შესთავაზებს ახალი წესების უკეთ გაცნობის მიზნით.
საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების პროექტს ფინანსურ მხარდაჭერას უწევენ ავსტრიის ფინანსთა სამინისტრო, BP და მისი პარტნიორები ნავთობისა და გაზის პროექტებში, და ნორვეგიის კერძო სექტორისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სატრასტო ფონდი.