24 იანვარს 17:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში წიგნის "ქართული წიგნის ხელოვნება" პრეზენტაცია გაიმართება.
წიგნში ასახული სატიტულო შრიფტების ისტორია 1888-2008 წლებს მოიცავს. წარმოდგენილია 40 მხატვრის ნამუშევარი, რომელთა შორის არიან გრიგოლ ტატიშვილი, ლადო ქუთათელაძე, ლადო გრიგოლია, დუდა გაბაშვილი, თეიმურაზ ყუბანეიშვილი, ოთარ ჯიშკარიანი, დავით დუნდუა.
როგორც წიგნის შემდგენელი, ნინო ჯიშკარიანი ამბობს: "წლების განმავლობაში მხატვართა მრავალი თაობა მუშაობდა წიგნის გრაფიკაზე, რომლებმაც შექმნეს ბევრი ახალი და საინტერესო წიგნის გაფორმების სფეროში. ამიტომ ჩემი მოკრძალებული სურვილი იყო ალბომ-მონოგრაფიის გამოცემა, რომელშიც ნაჩვენები იქნებოდა შემოქმედებითი ძიება წიგნის გრაფიკასა და მხატვრული შრიფტის ხელოვნებაზე, იმ ცნობილი მხატვრების შემოქმედების მაგალითზე, რომლებიც დაუღალავად იღვწოდნენ და იღვწიან ამ დარგის განვითარებისათვის".