პრეზიდენტის პრესპიკერი მანანა მანჯგალაძე ტელეკომპანია იმედის ეთერში გასული იმიტირებული "ქრონიკის" გამო, კიდევ ერთ განცხადებას გააკეთებს. გადაცემამ პანიკა მოიცვა და როგორც დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, გადაცემამ ჯარისკაცის დედის სიცოცხლე იმსხვერპლა.
"ტელეიმედის" შენობაში რამდენიმე წუთის წინ ჟურნალისტები შეიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე კიდევ ერთ განცხადებას გააკეთებს.
სავარაუდოდ, კომენტარი გაკეთდება ტელეკომპანიის ხელმძღვანელობის მხრიდანაც.
არასამთავრობოები, პოლიტიკოსები და ტელეკომპანიასთან შეკრებილი საზოგადოება ხელმძღვანელების მხრიდან კომენტარების გაკეთებას ითხოვენ.
ტელეკომპანია "იმედის" დღევანდელმა იმიტირებულმა გადაცემამ საქართველოს პრეზიდენტის საყვედური დაიმსახურა. პრეზიდენტის პოზიცია საზოგადოებას და გადაცემის მსვლელობისას სტუდიაში მყოფე სტუმრებს პრეზიდენტის პრესპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გააცნო. მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ იგი სტუდიაში პრეზიდენტის დავალებით მივიდა. მანჯგალაძის თქმით, როდესაც მსგავსი გადაცემა კეთდება, ეთერში მსვლელობისას გამაფრთხილებელი წარწერა იყოს. საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს მოსახლეობა ისედაც მძიმე მდგომარეობაშია და დამატებით მათ მიმართ გაუფრთხილებლობა არ შეიძლება. მანჯგალაძემ გადაცემის ავტორს საზოგადოებისა და ქართველი ჯარისკაცებისთვის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა. იმიტირებულ გადაცემაში აღნიშნული საუბარი იყო, თითქოს ქართული არმიის ნაწილი მტრის მხარეს გადავიდა
"ეს ნაწილი იქნებოდა საკმაოდ შეურაცხმყოფელი იმ ჯარისკაცებისთვის, ვინც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდა. მათ მიმართ ბოდიში გვექნება მოსახდელი", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ, რომელიც ამ განცხადებისას კეთებისას საკმაოდ ღელავდა.
პრეზიდენტის პრესსპიკერმა დასძინა, რომ გადაცემაში მოყვანილი სიუჟეტი იყო იმიტაცია და მსგავსი საფრთხე საქართველოს არ ემუქრება.