23-25 მაისს რუსთავში ტიტულოვანი ქართველი მოჭიდავის, მსოფლიოს ჩემპიონის - თემურ ყაზარაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. ტურნირზე ჭაბუკთა ასაკის 6 ქვეყნის 170-მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.
ქართველმა მოჭიდავეებმა 3 ოქროს, 4 ვერცხლისა და 8 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს. ყველაზე მეტ - 4 ოქროს მედალს ტურნირზე თურქი მოჭიდავეები დაეუფლნენ, ხოლო თემურ ყაზარაშვილის სახელობის თასი, რომელიც 50 კილოგრამ წონით კატეგორიაში თამაშდებოდა, აზერბაიჯანელი სპორტსმენის საკუთრება გახდა.
ტურნირს, რომელიც უკვე მე-12-ედ ჩატარდა, რუსთავის საკალათბურთო დარბაზმა უმასპინძლა, გახსნის ცერემონიალს კი ჭიდაობის ფედერაციის მესვეურებთან ერთად, სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე - დავით ნამგალაური, მისი მოადგილე - გია გალდავა და ქვემო ქართლის გუბერნატორი - დავით კირკიტაძე დაესწრნენ. ნამგალაურისა და კირკიტაძის განცხადებით თემურ ყაზარაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი მომავალ წელს კიდევ უფრო მასშტაბური იქნება.