კიევში გრუშევსკის ქუჩაზე მიმდინარე საპროტესტო აქციის ერთი მონაწილე, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
ამ დროისთვის მიმდინარეობს დაღუპულის ვინობის დადგენა. ცხედარი გრუშევსკის ქუჩაზე განთავსებულ სამედიცინო პუნქტშია მოთავსებული.
მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა ადგილზე საგამოძიებო ჯგუფის წევრების მისვლა უზრუნველყვეს.
წუხელ ღამე ასევე დაიღუპა საპროტესტო აქციის კიდევ ერთი მონაწილე, რომელიც დინამოს სტადიონის 13 მეტრიანი კოლონადიდან ჩამოვარდა. 21 წლის ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ კიევში მესამე დღეა ვითარება უკიდურესად გამწვავდა. დღეს ძალაში შედის კანონი, რომელიც ამკაცრებს მასობრივი აქციების გამართვის წესებს და პასუხისმგებლობას მისი დარღვევისთვის.