ფრაქცია „ბატკივშინას" ლიდერმა არსენიი იაცენიუკმა განაცხადა, რომ ხვალ კიევში, მაიდანის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით უკრაინის სახალხო რადის დამფუძნებელი შეკრება გაიმართება.
მან ასევე განაცხადა, რომ 22 იანვარს დედაქალაქში გაიმართება „დიდი მსვლელობა".
„მოვუწოდებთ მილიონობით უკრაინელს ჩამოვიდეს კიევში და ჩაატაროს მსვლელობა და შექმნას სახალხო რადა", _ განაცხადა იაცენიუკმა.
მისივე თქმით, იმის ნაცვლად, რომ ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტონ ეს პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ხელისუფლების პროვოცირებულია, „ისინი განგებ აღრმავებენ მას. მათ სამოქალაქო კონფლიქტი სურთ და ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს შესაძლებელს იმისათვის, რომ ეს კონფლიტი თავიდან ავიცილოთ",_ აცხადებს „ბატკივშინას" ლიდერი.
იგი ასევე მიმართავს უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს: „ის ჯერ წარმოადგენს ხელისუფლებას. ის ან უნდა დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და გადაწყვიტოს ეს საკითხი. სხვა შემთხვევაში კი სულ სხვა სცერით განვითარდება მოვლენები",_ აცხადებს იაცენიუკი.
„უკრაინის სახალხო რადა, სახალხო მთავრობა - ეს არის ის, რაც ჩვენ განვაცხადეთ ვეჩეზე და ეს არის ის გზა, რომლითაც ჩვენ წავალთ",_ დასძინა იაცენიუკმა.
ამასთან ერთად, ფრაქცია „ბატკივშინას" ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ამ დროისათვის ვერ პოულობენ მაიდანი დაახლოებით 100 აქტივისტს, მათ შორის ჟურნალისტს იგორ ლუცენკოს.
„ჩვენი მონაცემებით მათ სპოეცდანიშნულების რაზმის წარმომადგებლები აკავებენ და ისინი გაურკვეველი მიმართულებით მიჰყავთ",_ განაცხადა იაცენიუკმა.
გეგმის თანახმად ხვალ 15:00 საათზე მაიდანზე შეკრებილი ადამიანების კოლონა გენპროკურატურის შენობისკენ მსვლელობას დაიწყებს. „მე გენერალური პროკურორისგან მოვითხოვ დაუყოვნებლივ შეაჩერონ პოლიტიკური რეპრესიები და ადამიანების გატაცება",_ განაცხადა ფრაქცია „ბატკივშინას" ლიდერმა.