კიევში მეორე დღეა ანტისამთავრობო საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის გრძელდება დაპირისპირება.
ქუჩაში მიმდინარე დაპირისპირება კიევში კვირას დაიწყო. ქალაქის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორივე მხრიდან დაშავებულია 200 ადამიანი, 100-ზე მეტი ჰოსპიტალიზირებულია.
ოპოზიცია აცხადებს, რომ ემიჯნება დაპირისპირებას. ამავე დროს, მათივე განცხადებით, ქუჩებში გამოჩნდნენ კიევში სპეციალურად ჩამოყვანილი პირები, პროვოკატორები - მოსყიდული ადამიანები.
ოპოზიციის ლიდერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, მათთვიც ცნობილია რამდენიმე ახალგაზრდის შესახებ, რომლებიც ხერსონიდან სპეციალურად პროვოკაციის მოსაწყობად ჩამოიყვანეს.
კლიჩკომ უშუალოდ დაიჭირა ორი დაქირავებული, რომლებსაც უკრაინული მედია „ტიტუშკებად" მოიხსენიებს და „გაარკვია, რომ ისინი სპეციალურად ჩამოიყვანეს ხერსონიდან პროვოკაციის მოსაწყობად", - განაცხადა კლიჩკოს პრესმდივანმა.
ოპოზიციის ლიდერი აცხადებს, რომ „ტიტუშკები" კიევის ცენტრში, ეს არის ხელისუფლების გეგმა პროვოკაციის მოსაწყობად.
მისვე თქმით, მას შემდეგ, რაც ქალაქში ათეულობით „ტიტუშკა" გამოჩნდა, გაისმა მოწოდებები პრეზიდენტ იანუკოვიჩის მიმართ საგანგებო მდგომარეობის შემოსაღებად.
შეგახსენებთ, რომ კიევში შეტაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც რადამ მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომლის საფუძველზეც, ოპოზიციის ლიდერთა განცხადებით, დემოკრატიული ღირებულებები საფრთხის ქვეშ დადგა.