გარდაბანში საპარტნიორო ფონდის, შვილობილ კომპანია - სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან" ერთად უპრეცედენტო ენერგო პროექტის განხორციელება დაიწყო. საუბარია 230 მგვ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობაზე, რომლის საფუძვლის ჩაყრასაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური ექსპლუატაციაში 2015 წლის ბოლოდან შევა და აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნოლოგიებით, მათ შორის „ჯენერალ ელეკტრიკის" უახლესი ტურბინებით და ადგილობრივ ბაზარს დამატებითი ელექტროენერგიით მოამარაგებს. დამატებით, ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემაში პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში, გარდაბნის სადგური უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფს სისტემის ელექტრონერგიით უწყვეტ მომარაგებას.
„დღეს აქ, გარდაბანში, იწყება უმნიშვნელოვანესი მშენებლობა - დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად აშენდება 230 მეგავატი სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური. ეს არის უპრეცედენტო პროექტი - ასეთი დიდი სიმძლავრისთბოელექტროსადგურის მშენებლობა შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ახალ ეტაპად.
ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ენერგეტიკის განვითარება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია საქართველოს ეკონომიკური წინსვლისათვის, რაც ჩვენი ქვეყნის სიძლიერის, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის საწინდარია.
საქართველოსთვის, ისევე როგორც ნებისმიერისხვა ქვეყნისთვის, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ენერგოდამოუკიდებლობას და ენერგოუსაფრთხოებას, რასთანაც პირდაპირ არის დაკავშირებული სახელმწიფოს უსაფრთხოება და დამოუკიდებლობა. სწორედ ამიტომ აქვს ამხელა მნიშვნელობა ისეთი ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას, რომელსაც დღეს ვუყრით საფუძველს.
მოგეხსენებათ, ენერგეტიკა საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებააქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით.
ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთდა ვახორციელებთ ისეთ პროექტებს, რომლებიც საჭიროა ეკონომიკური სტაბილურობისათვის და სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი მომავალი თაობებისთვის.
სწორედ ამიტომ, მინდა განსკუთრებით მივესალმო ამ პროექტის სულისჩამდგმელებს - საპარტნიორო ფონდს, „საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციას", უმსხვილესი თურქული მშენებელი კომპანიის - „ჩალიკ ენერჯის"წარმომადგენლებს და ყველას მადლობა გადავუხადო. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევითა და თანამშრომლობით განხორციელდება ეს პროექტი, რომლის საინვესტიციო ღირებულებაც 220 მილიონ დოლარს აღწევს.
2015 წლის ბოლომდე სადგურის მშენებლობა უნდა დასრულდეს. ასე რომ, მალე მოსახლეობა იგრძნობს სასიკეთო ცვლილებას. მინდა აქვე აღვნიშნო, რომ მშენებლობის პერიოდში დასაქმდება 600-მდე ადამიანი და მათი უდიდესი ნაწილი საქართველოს მოქალაქეები იქნებიან.
გარდაბნის სადგური აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნოლოგიებით, რაც ენერგოსისტემის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს. ქვეყნის ენერგოსისტემისთვის ეს იქნება საიმედო რეზერვი და ამასთან იგი დამატებითი ელექტროენერგიით მოამარაგებს ადგილობრივ ბაზარს. მინდა ასევე აღვნიშნო, რომქვეყნის ენერგეტიკულ სისტემაში პრობლემის შექმნის შემთხვევაში, სადგური უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფს სისტემის ელექტროენერგიით უწყვეტ მომარაგებას.გარდაბნის თბოელექტროსადგური იქნება სერიოზული დასაყრდენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით.
მინდა ყველას მივულოცო საქართველოსთვის სრულიად ინოვაციური პროექტის განხორციელების დაწყება. მინდა ყველას მივულოცო ეს წარმატება და განვაცხადო, რომ საქართველოს ხელისუფლება, მეგობრების დახმარებით, ყველაფერს გააკეთებს ხალხის კეთილდღეობისთვის, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისა და უსაფრთხოების გაძლიერებისთვის"- განაცხადა ღარიბაშვილმა.
გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მარგი ქმედების კოეფიციენტი საქართველოში არსებული ბუნებრივ აირზე მომუშავე სხვა თბოელექტროსადგურებისგან განსხვავებით თითქმის ორჯერ უფრო მაღალი და უფრო ეკონომიური იქნება. მსგავსი მასშტაბის ენერგეტიკული პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ხორციელდება, რის გამოც მას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. გარდაბნის თბოელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია იქნება ენერგეტიკულ სისტემაში ყველაზე საიმედო რეზერვი, რომელიც ქვეყნის ენერგო უსაფრთხოებას კიდევ უფრო გაამყარებს.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება 220 მლნ. აშშ დოლარია. იგი ფინანსდება საპარტნიორო ფონდისა და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" მიერ, ხოლო სადგურის მშენებლობას უმსხვილესი თურქული კომპანია - ÇALIK ENERJİ ახორციელებს.