ლარის კურსი შეუქცევად ვარდნას განიცდის, რაც დამაფიქრებელია, - აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენ თან" საუბარში ექსპერტი გიორგი აბაშიშვილი. მისი თქმით, როდესაც ფინანსთა მინისტრი ამბობს რომ ლარის კურსი დასტაბილურდა და შემდეგ კურსი 3 დღის განმვალობაში შეუქცევად ვარდნას განიცდის, ეს ძალიან დამაფიქრებელია
"მე ჩემი ყველა განცხადებით ვთხოვდი შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენელებს რომ კურსის ვარდნაზე ადექვატური განცხადება გაეკეთებინათ, თუმცა დღემდე ეს ასე არ გაუკეთებიათ. ვფიქრობ უკვე შეინიშნება პანიკის ნიშნები და ძალიან მალე ინფლაციური მოლოდინის შექმნაა მოსალოდნელი მოსახლეობაში", - აცხადებს აბაშიშვილი.
უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში ლარის კურსი ისევ დაეცა. 17 იანვრიდან ძალაში შევა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი. რომლის მიხედვითაც ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0106 პუნქტით იქნება გაძვირებული, ხოლო ევროსთან მიმართებაში კი - 0.0137 პუნქტით. 16 იანვრისთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 1.7572 ლარს შეადგენდა, ხოლო 17 იანვრის მონაცემებით კი ეს კურსი 1.7678 ლარი იქნება.
რაც შეეხება ევროს კურსს, 16 იანვრისთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ევროსთან მიმართებაში 2.3935 ლარს შეადგენდა, ხოლო 17 იანვრისთვის კი ევროს კურსი 2.4072 ლარით განისაზღვრა.