2014 წელი ქართული წარმოების ხელშეწყობის წელი იქნება. როგორც დღეს პრემიერ-მინისტრისა და ბიზნესმენების შეხვედრის შემდეგ, კომპანია „თბილღვინოს" ხელმძღვანელმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, ხელისუფლება სულ მალე გააჟღერებს იმ პროგრამას, რის ფარგლებშიც ქვეყანაში ადგილობრივი წარმოებისათის ხელშეწყობის ღონისძიებები დაიგეგმება.
„ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მოვისმინე იყო ის, რომ წლევანდელი წელი პრემიერ-მინისტრის განმარტებით იქნება მწარმოებლების ხელშეწყობის წელი. ძალიან მალე გაჟღერდება კონკრეტული ინიციატივები, თუ რა ფორმით მიიღებენ მწარმოებლები თანადაფინანსების შესაძლებლობებს.
ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ საგარეო ვაჭრობა, ექსპორტი და იმპორტი რა ბალანსიც არის დღეს, არც ისე სახარბიელოა ქვეყნისთვის. ჩემთვის როგორც ექსპორტიორი კომპანიისთვის, ნებისმიერი კარგი ღონისძიება, რომ აღდგეს ეს ბალანსი ექსპორტისკენ, არის მხოლოდ მისასალმებელი"- აღნიშნა მარგველაშვილმა.