დღეიდან, 13 მარტიდან, 199-ე საჯარო სკოლას ძველი სახელი და სტატუსი დაუბრუნდება და თბილისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-პანსიონი "კომაროვი" ეწოდება. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა 12 მარტს 199-ე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთა "კლუბ კომაროველის" (ALUMNI) წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა. შაშკინმა ALUMNI-ის წევრებთან შეხვედრაზე სკოლის შემდგომი განვითარების თაობაზე სკოლის წარმომადგენელთა და კლუბის წევრთა წინადადებები მოისმინა. მინისტრმა გაითვალისწინა სკოლისა და "კლუბ კომაროველის" წევრთა სურვილი და მიიღო გადაწყვეტილება, სკოლის ძველი სტატუსისა დ სახელის დაბრუნებასთან დაკავშირებით.
შეხვედრის მონაწილეთა მოსაზრებების გათვალისწინებით დიმიტრი შაშკინმა რამდენიმე ახალ ინიციატივაზე განცხადება გააკეთა - მინისტრის გადაწყვეტილებით, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება სკოლის საერთი საცხოვრებელს, რაზედაც 270 000 ლარი გამოიყოფა.
როგორც ცნობილია, 199-ე საჯარო სკოლა პანსიონური მომსახურებისაა, ცუდი პირობების გამო, ამჟამად სკოლის საერთო საცხოვრებელში მხოლოდ 80 მოსწავლეა დაბინავებული. მინისტრის განცხადებით, ახალი სასწავლო წლიდან საქართველოს რეგიონებიდან 200-მდე ნიჭიერი მოზარდი ფიზიკა-მათემატიკურ სკოლა-პანსიონში უფასოდ სწავლასა და ცხოვრებას შეძლებს.
შეხვედრაზე მინისტრმა ისაუბრა სკოლის ტექნიკური აღჭურვილობის უზრუნველყოფასა და პედაგოგთა წახალისების ფორმებზე. შაშკინმა სკოლას საჩუქრად ათი კომპიუტერი გადასცა. საუბარი შეეხო სპეციალიზებულ სკოლაში ჩარიცხვისა და სახელმძღვანელოების თემებსაც.