„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია" ხელისუფლებას „ეკონომიკური დეკლარაციის" მიღებას სთავაზობს. აღნიშნული ინიციატივა ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ დღეს ბიზნესმენებისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრაზე გააჟღერა. როგორც ჭირაქაძემ განაცხადა, ირაკლი ღარიბაშვილი თანახმაა, რომ ბიზნესსექტორთან ერთად ინტენსიურად იმუშაოს.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" შეთაავაზება იყო, რომ მოხდეს ერთობლივად, ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის ეკონომიკური დეკლარაციის მიღება. ეკონომიკური დეკლარაცია იქნება, ფუნდამენტურ საკითხებზე შეთანხმება ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის, რომელიც მოიცავს თამაშის წესებს, რომელიც მოიცავს ასევე მნიშვნელოვან საკითხებს და ამ საკითხზე პრემიერი დაგვეთანხმა. ის მზადაა ეკონომიკურ გუნდთან ერთად ჩვენთან იმუშაოს"- აღნიშნა ჭირაქაძემ.
მისივე განმარტებით, თავად შეხვედრა საკმაოდ წარმატებულად წარიმართა.
„საკმაოდ წარმატებული შეხვედრა იყო ბიზნესსექტორსა და პრემიერ-მინისტრს შორის. ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის ინიციატივა, რომელიც პრემიერ-მინისტრისგან წამოვიდა, რომ ბიზნესასოციაციები ჩავერთოთ იმ პროცესებში, რომელსაც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ეკონომიკური გუნდი ახორციელებს, მოკლევადიან სამუშაო გეგმასთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ ეკონომიკურ სტრატეგიაზეა საუბარი, თუმცა პრემიერ-მინისტრისა და ჩემი აზრითაც, ძალზედ მნიშვნელოვანია მოკლევადიანი სტრატეგიის გაწერაც. ჩვენი მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა იქნება, რომ ჩავერთოთ, ვისაუბროთ იმ პრობლემატიკაზე, რომელიც დღეს არსებობს და მაქსიმალურად მოხდეს კომუნიკაციის არხების დახვეწა და იმ პრობლემების გადაწყვეტა, რომელიც არის"- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი ჭირაქაძემ.