მსხვილი ბიზნესის შემდეგ პრემიერ-მინისტრი საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებსაც შეხვდება. აღნიშნული შესახებ განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა, დღეს ბიზნესმენებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. როგორც ღარიბაშვილი აცხადებს, მსგავსი ფორმატით შეხვედრას ბიზნესის წარმომადგენლებთან უფრო ფართო მასშტაბი მიეცემა. პრემიერ-მინისტრი დღეს „რადისონში" გამართული შეხვედრით კმაყოფილია და აცხადებს, რომ ბიზნესსა და ხელისუფლების წარმომადგენელს შორის საკმაოდ გულწრფელი დიალოგი შედგა.
„ეს იყო ჩემი პირველი შეხვედრა ბიზნესმენებთან. ეს იყო პირველი დიალოგი და საკმაოდ გულწრფელი დიალოგი და გულწრფელი საუბარი შედგა ჩვენს შორის. მე გავაცანი ჩვენი მთავრობის ხედვები, ანუ როგორ წარმოგვიდგენია ეკონომიკის განვითარება. ჩვენი პრიორიტეტები გავაცანი ასევე და საკმაოდ საინტერესო მოსაზრებები მოვისმინე მათგან. მინდა რამდენიმე ძირითადი მესიჯი გამოვყო, რომელიც მე ბიზნესის წარმომადგენლებს წარვუდგინე"- აცხადებს პრემიერ-მინისტრი.
ღარიბაშვილი განმარტავს, რომ დღეს ბიზნესი პოლიტიკური წნეხისგან განთავისუფლებულია. პრემიერ-მინისტრი იმპორტის ხელოვნური ბარიერების გზით ჩანაცვლების წინააღმდეგია და მიაჩნია რომ ეს კონკურენციის პირობებში უნდა ხდებოდეს.
„ჯანსაღი კონკურენციის პირობებში უნდა შეიქმნას ჯანსაღი კონკურენცია და მოხდეს ადგილობრივი წარმოების წახალისება, რაც საბოლოო ჯამაში გამოიწვევს ადგილობრივი პროდუქციის ხარისხის ამაღლებას. საბოლოო ჯამში ძალიან სასარგებლო საუბარი შედგა"- განმარტავს ღარიბაშვილი.
პრემიერ-მინისტრის განმარტებითვე, ბიზნესმენებთან შეხვედრისას საუბარი იყო ასევე „საგადასახადო კოდექსზე".
„ჩვენ დაგეგმილი გვაქვს მთელი რიგი ცვლილებები, რაც გაამარტივებს ბიზნესის წარმოებას საქართველოში"- აცხადებს პრემიერ-მინისტრი.