,,ნაცმოძრაობა" ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით გუშინ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, როგორც საკითხის კომენტირებისას პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი გაბაშვილმა განაცხადა მომხდარის გამო თანამდებობა უნდა დატოვოს სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა.
გაბაშვილის განმარტებით, აუცილებელია შეიქმნას საპარლამეტი საგამოძიებო კომისია, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის აღნიშნულ საქმეს შეისწავლის.
,,გუშინდელი განცხადება ცხადყოფს, რომ მთავრობაამ აირჩია უფრო მარტივი გზა და აბსოლუტურად გაუგებარია თუ ჩანაწერი მართლა არ არსებობდა, რატომ არ გახდა ცნობილი ეს პირველსავე დღეს. სასჯელაღსრულების სამინისტროში დიდი ხნის წინ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, მსგავსი ჩანაწერები ერთი თვე ინახება, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში ნახევარი წელიც კი. ამას ადასტურებს ბაჩო ახალაიას შემთხვევაც როცა მისი საკნის ჩანაწერი რამდენიმე თვის შემდეგ გამოქვეყნდა"_განაცხადა გაბაშვილმა.
გაბაშვილის განმარტებით, სასჯელაღსრულების სამინისტროს გუშინდელმა განცხადებამ დაადასტურა, რომ მთავარმა პროკურორმა ყოფილი პრემიერის მიმართ ზეწოლა განახორციელა.
,, გავრცელებულმა განცხადებამ სრულიად აშკარა გახადა რომ დანაშაულებრივ ქმედებას კრიმინალი ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მხრიდან საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ ნამდვილად ჰქონდა ადგილი. პირადად მინისტრმა სუბარმა და სამინისტროს თანამშრომლებმა ამით ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 168-ე მუხლით გათვალისწინებული კონკრეტული დანაშაული_მტკიცებულებათა განადგურება. ,,ქართული ოცნების" მთელმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ კი საკუთარ თავზე აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და შეეცადა დანაშაულის დაფარვას. უდაოა, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკური ანგარიშსწორების დაკვეთასთან, რომელიც განხორციელეაბში ჩართული მმართველი კოალიცია", _განაცხადა გაბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრომ გუშინ განცხადება გაავრცელა სადაც აღნიშნულია რომ :"სასჯელაღსრულების N9 დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებულის, ივანე მერაბიშვილის ადვოკატის, დავით ხაჟალიას განცხადების საფუძველზე დაწყებული სამსახურებრივი შემოწმება დასრულდა.
სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში, გენერალური ინსპექციის მოთხოვნის საფუძველზე, ამოღებული იქნა 377 GB მოცულობის ვიდეომასალა, რომელიც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N9 დაწესებულებასა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტს შორის არსებულ მონაკვეთში განლაგებულმა თვრამეტმა სათვალთვალო კამერამ 2013 წლის 13 დეკემბრის 12:00 საათიდან 2013 წლის 14 დეკემბრის 12:00 საათამდე ჩაიწერა. ჩანაწერის დათვალიერებისას საქმისათვის საინტერესო ფაქტობრივი გარემოებები ვერ იქნა აღმოჩენილი.
რაც შეეხება სასჯელაღსრულების N9 დაწესებულებასა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტში არსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს, 2013 წლის 17 დეკემბერს, ივანე მერაბიშვილის მიერ განცხადების გაკეთების მომენტისთვის, 13-14 დეკემბრის ჩანაწერი აღარ არსებობდა, ვინაიდან შენობებში არსებული ვიდეო-სათვალთვალო ტექნიკური საშუალებები, 24 საათის გასვლის შემდეგ, ახალი ინფორმაციის ჩაწერის გამო, ძველ ჩანაწერებს ავტომატურად შლის.
სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში გამოიკითხნენ სასჯელაღსრულების N9 დაწესებულების თანამშრომლები, რომლებმაც კატეგორიულად უარყვეს ბრალდებულ ივანე მერაბიშვილის მიერ 2013 წლის 14 დეკემბერს ღამის საათებში სასჯელაღსრულების N9 დაწესებულების ტერიტორიის დატოვების ფაქტი.
შემოწმდა სასჯელაღსრულების N9 დაწესებულებაში არსებული ჟურნალებიც, რომლებიც დაწესებულების ტერიტორიაზე ავტომანქანების შესვლა-გასვლასა და ბრალდებულ-მსჯავრდებულთა მოძრაობას აღრიცხავენ.
ამდენად, ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებით, ივანე მერაბიშვილის განცხადებაში და ახსნა-განმარტებაში მოყვანილი ფაქტი არ დადასტურდა".