14 იანვარს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველ დირექტორს, ოლივიე დეკამს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ქვეყანაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია და მათი მხრიდან განხორციელებული ინვესტიციების ოდენობა მილიარდ რვაას მილიონ დოლარზე მეტია. ვისაუბრეთ იმ რეფორმებზე, რომლებიც უნდა განხორციელდეს, მათ შორის, ფინანსურ სექტორში, რათა კერძო სექტორისათვის ფინანსები გახდეს უფრო ხელმისაწვდომი. ვისაუბრეთ პარტნიორობის საკითხებზე, რომლებიც მომავალში აისახება ჩვენი ქვეყნისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის თანამშრომლობის სტრატეგიაში," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
„ჩვენთვის მთავარია, განვითარდეს თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლებასთან. საქართველოს მთავრობა ახლა აყალიბებს საშუალოვადიან ეკონომიკური განვითარების პროგრამას. ვთვლი, რომ დროულია საქართველოში ვიზიტი და არსებული სიტუაციის გაცნობა. საქართველოს აქვს შესაძლებლობა ინვესტიციები განხორციელდეს ისეთ სფეროებში როგორებიცაა: ფასიანი ქაღალდების ბაზარი, ენერგეტიკა, ჰიდროენერგეტიკა. ასევე, გაუმჯობესდეს კონკურენცია, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის კონტექსტში, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათა საქართველო მზად იყოს აღნიშნულ დიდ ბაზარში ინტეგრაციისთვის. გასულ წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება, ძირითადად, გლობალური ტენდენცია იყო და ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში ინვესტიციების რაოდენობა გაიზრდება. რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის პროგნოზს - საქართველოსთვის 2013 წელს მაჩვენებლების კორექტირება გამოწვეული იყო მსოფლოში არსებული ტენდენციებიდან გამომდინარე. ევრობანკი კონსერვატიული დაწესებულებაა, რომელიც მაჩვენებლებს მუდმივად აკორექტირებს. სისუსტე უკლებლივ ყველა ქვეყანაში შეინიშნებოდა და ამის საფუძველზე მოხდა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის კორექტირება. ჩვენ დღეს ზრდის ტენდენციებს ვხედავთ და ვიმედოვნებთ, მომავალ წლებში საქართველოს გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ექნება",- აღნიშნა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მმართველმა დირექტორმა ოლივიე დეკამმა.
დღეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მმართველი დირექტორი შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს. დაგეგმილია მისი შეხვედრები მთავრობის სხვა წევრებთან, ბიზნეს და საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან.