დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ბინ იუე მიიღო.
შეხვედრაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, საქართველოში ჩინეთის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გააცნო საბანკო სექტორში არსებული ვითარება, ეროვნული ბანკის მარეგულირებელი ჩარჩო და საზედამხედველო პოლიტიკა. ასევე მიაწოდა ინფორმაცია ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობის და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მნიშვნელოვანი რეფორმების შესახებ.
შეხვედრას, რომელსაც გაცნობითი ხასიათი ჰქონდა, მხარეებმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ცენტრალური ბანკისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ურთიერთანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზეც ისაუბრეს. ორი ქვეყნის თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოში უკვე იმყოფებოდნენ ჩინეთის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლები. სტუმრებმა დღევანდელ შეხვედრაზე დაადასტურეს მზადყოფნა ხელი მოეწეროს შეთანხმებას საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის სახალხო ბანკს შორის ლარი/იუანის სავალუტო სვოპების შესახებ.