საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით კუნძულ კერკირაზე ქართული კულტურულ-ეკონომიკური ფორუმი გაიმართა.
ფორუმის ფარგლებში საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დავით ბაქრაძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა იონიის ზღვის კუნძულების რეგიონულ გუბერნატორთან სპირიდონ სპირუსთან და ვიცე-გუბერნატორთან ხრისტოს-ირაკლის სკურტისთან. შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე ქალაქ ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრის „კავკასია" ხელმძღვანელი ავთანდილ მიქაბერიძე და სინიელთა კულტურულ-საგანმანათლებლო ასოციაციის პრეზიდენტი იანის ვარნელისი. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საქართველო-საბერძნეთს შორის არსებულ ურთიერთობები და მათი მომავალში გაღრმავების პერსპექტივები.
კერკირას მერმა იოანის ტრეპეკლისისმა გამოხატა თავისი კეთილგანწყობა საქართველოს მიმართ. მან ხაზი გაუსვა რელიგიური ტურიზმის განვითარების მნიშვნელობას და გამოხატა მზადყოფნა საქართველოს საელჩოსთან ერთად რელიგიური ტურიზმის ხელშეწყობისთვის საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესაძლებლობების განხილვაზე.
შეხვედრის შემდეგ კერკირას სავაჭრო სამრეწველო პალატაში მოეწყო ეკონომიკური პრეზენტაცია საქართველოს ბიზნეს გარემოსა და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ. პრეზენტაციაზე მისულ სტუმრებს ქართული ღვინის დაგემოვნების საშუალებაც მიეცათ.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ კი კერკირას მუნიციპალურ თეატრში ქალაქ ათენის კულტურისა და განათლების ცენტრის „კავკასია" და სინიონის კულტურული და საგანმანათლებლო ასოციაციის წევრების მონაწილეობით ჩატარდა ქართულ-ბერძნული კონცერტი. თეატრში მოეწყო ასევე ქართული ხელთნაკეთი სამკაულების, ტიხრული მინანქრის, თექისა და ხალხური რეწვის სხვადასვა ნიმუშების გამოფენა.
საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი და ქალაქ ათენისა და კულტურის ცენტრის „კავკასია" წარმომადგენლები კუნძულ კერკირაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან ერთად დაესწრნენ კერკირას წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის ტაძარში ჩატარებულ წირვას, სადაც ათენის წმ. ნინოს სახელობის ქართული პოლიფონიური მუსიკის გუნდის წევრებმა იგალობეს.