განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დღეს, 199-ე საჯარო სკოლის (ყოფილი კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა) კურსდამთავრებულთა "კლუბ კომაროველის" (ALUMNI) წევრებს შეხვდა და სკოლის შემდგომი განვითარების თაობაზე სკოლის წარმომადგენელთა და კლუბის წევრთა წინადადებები მოისმინა. მინისტრმა გაითვალისწინა სკოლისა და "კლუბ კომაროველის" წევრთა სურვილი და მიიღო გადაწყვეტილება, 199-ე საჯარო სკოლას ძველი სახელი და სტატუსი დაუბრუნდეს და უკვე ხვალიდან თბილისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-პანსიონი "კომაროვი" ეწოდოს
შეხვედრის მონაწილეთა მოსაზრებების გათვალისწინებით დიმიტრი შაშკინმა რამდენიმე ახალ ინიციატივაზე განცხადება გააკეთა - მინისტრის გადაწყვეტილებით, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება სკოლის საერთი საცხოვრებელს, რაზედაც 270 000 ლარი გამოიყოფა.
როგორც ცნობილია, 199-ე საჯარო სკოლა პანსიონური მომსახურებისაა, ცუდი პირობების გამო, ამჟამად სკოლის საერთო საცხოვრებელში მხოლოდ 80 მოსწავლეა დაბინავებული. მინისტრის განცხადებით, ახალი სასწავლო წლიდან საქართველოს რეგიონებიდან 200-მდე ნიჭიერი მოზარდი ფიზიკა-მათემატიკურ სკოლა-პანსიონში უფასოდ სწავლასა და ცხოვრებას შეძლებს.
შეხვედრაზე მინისტრმა ისაუბრა სკოლის ტექნიკური აღჭურვილობის უზრუნველყოფასა და პედაგოგთა წახალისების ფორმებზე. შაშკინმა სკოლას საჩუქრად ათი კომპიუტერი გადასცა. საუბარი შეეხო სპეციალიზებულ სკოლაში ჩარიცხვისა და სახელმძღვანელოების თემებსაც.