„ოლიმპიადა ეკლიან მავთულს მიღმა?" - ამ სათაურით აქვეყნებს „ბი-ბი-სი" ჟურნალისტის დიმიტრი გრებენნიკოვის (ფსევდონიმი) სტატიას, რომელშიც სოჭში ამჟამად არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ რეალურად ეს ოლიმპიადა - სპორტული შეჯიბრებების ზეიმი კი არ იქნება, არამედ ეს იქნება - დიდი სპეცოპერაცია.
„ოლიმპიადის დაწყებამდე სოჭში ერთ თვეზე ნაკლები დარჩა და ჩინოვნიკების კაბინეტებში სულ უფრო და უფრო შიშობენ, რომ ოლიმპიადა გრანდიოზული სკანდალით დასრულდება. სიყვაზე და ქაღალდზე თითქოს ყველაფერი მზადაა - ყველა ობიექტი ჩაბარებულია, უსაფრთხოების ზომები გაძლიერებული და დაცული და თამაშების ბოკოტის შესახებ საუბარი უკვე დიდი ხანია რაც არ მიმდინარეობს", _ წერს ჟურნალისტი და აგრძელებს:
„თუმცა, ვესაუბრე რა რიგ ჩინოვნიკებს, უმეტესწილად მათ, ვინ ახლახანს დაბრუნდა სოჭიდან მე ერთ დასკვნამდე მივედი. იმ დასკვნამდე, რომ ეს შეჯიბრებები ალბათ ყველაზე ნაკლებად ემგვანება სპორტულ დღესასწაულს".
„ეს იქნება ნამდვილი სპეცოპერაცია, ძალიან მაღალია ტერაქტების მოხდენის ალბათობა, ვოლგოგრადში მომხდარი აფეთქებების შემდეგ და მთელი ძალა გადასროლილია იმაზე, რომ არც ერთი მანქანა და არც ერთი თაგვი არ გაძვრეს მეთვალყურეობის გარეშე. არადა, რაც უფრო მკაცრია ზომები, მით უფრო დიდია ალბათობა იმისა, რომ ვიღაცას ეს არ მოეწონება", _ ამბობს ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც ოლიმპიადის უსაფრთხოების დაცვა ევალება.
„ახლობლებმა, რომლებმაც სოჭში ყოფნა იმ დროს მოასწრეს, როდესაც იქ რეგისტრაციის განსაკუთრებული რეჟიმი დაწესდა მომითხრეს, რომ ქალაქი სამხედრო-საგამგებო მდგომარეობაში იმყოფება. ლითონის გისოსები და ჯებირები სტუმრებს უკვე სარკინიგზო სადგურზე ხვდება", _ წერს ჟურნალისტი.
მისივე თქმით, თუმცა, ამგვარი საფრთხოების დაცვის პირობებში სოჭის მცხოვრებლებს მართლაც შეუძლიათ თავი დაცულად იგრძნონ, რასაც ვერ ვიტყვით სხვა რეგიონების მცხოვრებლებზე.
„ჩემმა ახლობელმა მითხრა, რომ შიშისა და დაძაბულობის ატმოსფერო ყველაში იქნება ოლიმპიადის დასრულებამდე. „ეს უკვე რაღაც ფსიქოზია, ნეტავ მალე დასრულდეს ყველაფერი, ნორმალურ ცხოვრებაში დაბრუნება მინდა", _ აცხადებს ის.
ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ამაზე ნაკლები დაძაბულობა როდია, იმ პირთა შორისაც ვისაც ოლიმპიადის ჩატარება ევალება. მიზეზი მარტივია - აგებული ობიექტების ხარისხიანობა. როგორც სოჭში ნამყოფმა ერთ ერთი სპორტული ფედერაციის ფუნქციონერმა მითხრა: „თუკი სადმე რამე არ ჩამოვარდება უფალს მადლობას შევწირავთ".
„ის რაც ჩაიდო მშენებლობაში და ის რაც გამოვიდა ცა და დედამიწასავით განსხვავდება ერთმანეთისგან. მოპარულია დაახლოებით მესამედი",_ აცხადებს ის. სხვათაშორისი იგივე შეფასებებს იძლევიან საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრები.
„ამ სიტუაციაში თავს იჩენს კითხვა - თუ თამაშების ორგანიზება ასეთ სიძნელეებს შეეჯახა და დიდი ზეიმი, როგორც ჩანს - არ გამოვა, რისთვის იყო საჭირო ეს ყველაფერი? ჩემი მეგობრების სულ უფრო და უფრო დიდი ნაწილი ამბობს, რომ ოლიმპიადა - ეს პუტინის პირადი პროექტია, რომელიც მოწოდებულია მთელს მსოფლიოს რუსეთის აღორძინება დაანახოს. ამავე დროს სოჭის ოლიმპიადას დასავლურ მედიაში აუცილებლად ექნება კლიშე „ოლიმპიადისა ეკლიანი მავთულის მიღმა", რაც არც თუ ისე კარგი შედარებაა. ასე, რომ ამ სკანდალურ ფონზე უკან იწევს ოლიმპიადის სპორტული შემადგენელი", _ წერს დიმიტრი გრებენნიკოვი.