საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ" რუსეთის ვიზების მსურველი გადამზიდველებისაგან, რომელთა მძღოლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, განცხადებების მიღება დაიწყო.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განმარტავენ, ამისათვის აუცილებელია სპეციალური განცხადების ფორმის შევსება. რუსეთის ვიზის მისაღებად გადამზიდავმა კომპანიამ ასევე უნდა წარადგინოს ამონაწერი სახელმწიფო რეესტრიდან, მძღოლთან გაფორმებული კონტრაქტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი, აგრეთვე მძღოლის პასპორტისა და მართვის მოწმობის და ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობების ასლები.
2013 წლის 27 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროდან შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის საშუალებით ოფიციალურად იქნა მოწოდებული ინფორმაცია საქართველოს გადამზიდველებისათვის რუსეთის ფედერაციის ვიზების გამარტივებული წესით მიღების თაობაზე.
ქართველი გადამზიდველები, პრიორიტეტულ რეჟიმში (წინასწარი ჩაწერის გარეშე), მიიღებენ რუსეთის საქმიან მრავალჯერად ვიზებს ერთი წლის ვადით.
ვიზის გაფორმების საკონსულო მოსაკრებელი დაჩქარებული წესით (3 სამუშაო დღეში) გაფორმებისათვის შეადგენს 310 აშშ დოლარს, ხოლო ჩვეულებრივ რეჟიმში (10 სამუშაო დღეში) გაფორმებისათვის - 160 აშშ დოლარს.
რუსეთის ფედერაციასთან საერთაშორისო საავტომობილო მომოსვლა რეგულირდება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ 1994 წლის 3 თებერვლის შეთანხმებით, რომელიც ძალაშია 1994 წლის 6 ივნისიდან. თუმცა 2006 წლის 2 ოქტომბრიდან რუსეთის ფედერაციის ინიციატივით, საქართველოსთან შეწყვეტილი იქნა საავტომობილო მიმოსვლა.
რუსეთის ვიზის მიღების დეტალური პროცედურების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (www.economy.ge) და სსიპ „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს" (http://lta.gov.ge/) ოფიციალურ ვებგვერდებზე.
მასალის გამოყენების პირობები