შეხვედრაზე, რომელიც დღეს სასტუმრო „თბილისი-მარიოტში" გაიმართა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ბიზნესასოციაციის წევრებს საბანკო სექტორში არსებული ვითარება და მაკროეკონომიკური ტენდენციები გააცნო. შეხვედრის ძირითადი თემა იყო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების წყაროები, საგადასახდელო ბალანსი და მონეტარული პოლიტიკა. "შეხვედრის მთავარი მიზანია, ბიზნესსექტორს ჰქონდეს სწორი მოლოდინები და ადეკვატური ინფორმაცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ვინაიდან მოლოდინი დიდ გავლენას ახდენს მათ გადაწყვეტილებებზე", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
დადებითად შეაფასა ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და ბიზნესის წარმომადგენელთა პერიოდული შეხვედრა ბიზნესასოციაციის საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ ლალაზაშვილმა: "დღევანდელ შეხვედრაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მოგვაწოდა ინფორმაცია სავალუტო ბაზარზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მათ შორის ლარის კურსისა და ეროვნული ბანკის ინიციატივების შესახებ. ჩვენი მხრივ, გვაინტერესებდა კურსთან დაკავშირებული პროცესები, ასევე სხვადასხვა საბანკო დაწესებულებებისთვის შესაძლო რეგულაციების შემოღების საკითხი", - განაცხადა ლალაზაშვილმა. მისივე შეფასებით, „ბიზნესმენებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იცოდნენ, რას უნდა ელოდნენ უახლოეს მომავალში, ვინაიდან ბევრი იმპორტიორია, რომელიც დამოკიდებულია სწორედ უცხოურ ვალუტაზე, ასევე ბევრ მათგანს აქვს გარკვეული ვალდებულებები, შესაბამისად აუცილებელია იცოდნენ თუ რას უნდა ელოდნენ. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ის ინფორმაცია და ანალიზი, რაც მოვისმინეთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან, რაც გარკვეულწილად ამშვიდებს ბიზნესმენებს და სწორ გათვლებს აკეთებინებინებს მათ".