თბილისის საქალაქო სასამართლომ საპატრიარქოსთან აქციის მიმდინარეობის დროს დაკავებული ოთხი პირიდან სამს 100-100-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ერთ მათგანს კი შენიშვნა მისცა.
100-100 ლარით დაჯარიმდნენ თორნიკე ქავთარაძე, სანდრო ზაუტაშვილი და ევგენი ქავთარაძე, გაფრთხილება კი ვეფხვია ღვალაძემ მიიღო.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა, გუშინ საპატრიარქოსთან გამართული აქციის დროს ოთხი ადამიანი დააკავეს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" შსს განუცხადეს ისინი დაკავებულები არიან ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე წვრილმანი ხულიგნობის მუხლით.
საპატრიარქოსთან ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აქცია გაიმართა, ერთი ნაწილი საშობაო ეპისტოლეში პატრიარქის პოზიციას სუროგატ დედებთან და ხელოვნური განაყოფიერებასთან დაკავშირებით მხარს უჭერდა, ნაწილი კი ეწინააღმდეგებოდა.