აშშ-ს სენატმა უკრაინელი ხალხის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, რომელიც ქვეყნის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას ეხება. განცხადება ამის შესახებ „ტვიტერში" აშშ-ს ელჩმა უკრაინაში ჯეფრი პაიეტმა დაწერა.
„გასული ღამით, აშშ-ს სენატმა უკრაინელი ხალხის მხარდამჭრი რეზოლუცია მიიღო",_ ნათქვამია განცხადებაში.
კერძოდ, რეზოლუციის ტექსტში სენატმა უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა და ევროკავშირისა და აშშ-ს ლიდერებს მოუწოდა აქტიურად იმუშაონ უკრაინაში შექმნილი კრიზისის გადაწყვეტის საკითხზე. რეზოლუცია მოუწოდებს უკრაინელებს გაემიჯნონ ანტისემიტური ან სხვა ხასიათის „ძალადობის ენას. რეზოლუცია ასევე მოუწოდებს უკრაინის ხელისუფლებას უარი თქვან მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალის გამოყენებაზე, გმობს მის გამოყენებას 30 ნოემბერს, 1 და 11 დეკემბერს და შეახსენებს უკრაინის ხელისუფლებას, რომ ამგვარი მოქმედებების განმეორების შემთხვევაში მათ მიმართ შესაძლოა სანქციები იქნეს გამოყენებული.