დღეს, 5 დევნილი ოჯახი, 27 ადამიანი თბილისიდან რუსთავში გადასახლდა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ლტოლვითა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, აფხაზეთიდან დევნილები 17 წელი ვარკეთილში, "ბეტონკონსტრუქციის" შენობაში ცხოვრობდნენ. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ მათ რუსთავში კეთილმოწყობილი ფართები საკუთრებაში შესთავაზა, ბარგის გადაზიდვაც უზრუნველყო და დევნილები დღეს რუსთავში გადასახლდნენ. დევნილებს ახალმოსახლეობა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა თავად მიულოცა.
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დევნილებს ახალი ბინები მოეწონათ და კმაყოფილება გამოთქვეს.
დევნილებს ბინებში გამათბობელი, ინდივიდუალი მრიცხველები და ყველა ის აუცილებელი პირობები დახვდათ რაც 17 წლის მანძილზე მათთვის არ არსებობდა.
როგორც ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა აღნიშნა, ნელ-ნელა ყველა ასეთ ოჯახი ღირსეულ საცხოვრებელ პირობებში იცხოვრებს:
"ეს, 5 ოჯახი თბილისში ბეტონის ქარხანაში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდა. ავარიულ შენობას ქარიშხალმა სახურავი მთლიანად გადახადა და ხალხს პირდაპირ საწოლში აწვიმდა. დღეს, მათ გარემონტებული, გაზიფიცირებული 2 ოთახიანი ბინები გადავეცით. ეს პრეზიდენტის და ჩვენი ხელისუფლების საჩუქარია. ასეთი კიდევ ბევრი ოჯახი გვეგულება. ყველაფერი ერთად არ გამოდის, მაგრამ უმოკლეს ვადებში ყველა ოჯახს მივაღწევთ, ყველას მოვიცავთ და ყველას დავაკმაყოფილებთ", - განაცხადა სუბელიანმა.