არჩილ ხაბაძე, ნუგზარ სურმანიძე და გია თავამაიშვილი დღეს 10 შვილიან ოჯახს ესტუმრა და შობა მიულოცა.
მრავალშვილიანი ოჯახის უფროსი თემურ ბედინაძეა, დიასახლისი კი თეა ხომერიკი. თანაცხოვრების მეთექვსმეტე წელს მათ ნაბოლარა გიორგი გაუჩნდათ, რომელიც პირველ იანვარს მოინათლა. 4 ვაჟსა და 6 ქალიშვილს შორის უფროსი 16 წლისაა.
არჩილ ხაბაძემ აღნიშნა, რომ მრავალშვილიან ოჯახში შობის გატარება სიმბოლურია - "ჩვენი რეგიონი გამოირჩევა მრავალშვილიანი ოჯახებით. მიხარია, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არიან ახალგაზრდები, რომლებიც მუხლჩაუხრელად შრომობენ და ამდენ ანგელოზს ზრდიან ერისა და ქვეყნის სასახელოდ. თითოეულს ვუსურვებ ჯანმრთელობას, ლაღ ბავშვობას და ბედნიერ მომავალს. ქრისტეშობის მადლი და სიხარული ყოფილიყოს თითოეული მათგანის თანამდევი".
ოჯახს საჩუქრად პლაზმური ტელევიზორი გადაეცა, პატარებს კი ტკბილეული. სტუმრებმა ოჯახი დალოცეს და მრავალი შობა ახალი წლის ჯანმრთელად და ბედნიერად გატარება უსურვეს.
მასალის გამოყენების პირობები