დღეს, "ქორთიარდ მარიოტში" სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე შეაჯამეს რეგიონთაშორისი დემოკრატიული ტრანზიციის საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით გამართული რეგიონთაშორისი სემინარი -"დასავლეთ ბალკანეთისა და სუამის ქვეყნებისთვის ვიშეგრადის ჯგუფის მიერ თანამშრომლობის სფეროში დაგროვილი გამოცდილების გაზიარება". პრესკონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, სუამის გენერალური მდივანი საქართველოში ვალერი ჩეჩელაშვილი და განვითარების პროგრამების უფროსი ვიცე-თავმჯდომარე სანდორ კოლესი.
დავით ჯალაღანიამ ხსენებული სემინარის შედეგები დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ მსგავსი თანამშრომლობის გაზიარებები საქართველოს და სხვა სუამის ქვეყნების ევროპისკენ ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.
ვალერი ჩეჩელაშვილის განცხადებით, კი სემინარის დროს მიღებული გამოცდილება სუამ-თან ერთად, ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნებსაც გამოადგება.
კითხვაზე, თუ რა როლს ითამაშებს ხელისუფლება შეცვლილი უკრაინა სუამ-ის მომავალ საქმიანობაზე ვალერი ჩეჩელაშვილი პასუხობს, რომ სუამ-ის დაშლას საფრთხე არ ემუქრება და ამის დასტურად ვიქტორ იანუკოვიჩის ბრიუსელში ვიზიტი მოყავს.
"სუამ-ს ფუნქცია არ დაუკარგავს, ამის დასტურია ის, რომ უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტი, პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში ჩავიდა", - აღნიშნა ჩეჩელაშვილმა.
მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ სემინარის შედეგად მიღებული ინფორმაცია - თავისუფალი ვაჭრობის, ტურიზმის და სხვა მიმართულებებით, სუამ-ის ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.