აჭარაში მხარჯავი დაწესებულებების მიერ ბიუჯეტით გათვალისწინებული პრიორიტეტებისა და პროგრამების მონიტორინგს სპეციალური კომისია განახორციელებს.
როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, 2014 წლის 13 იანვრისთვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, პრიორიტეტების კომისიის შექმნა იგეგმება, რომლის საქმიანობის მიზანი მიმდინარე და მომდევნო წლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მხარჯავი დაწესებულებების მიერ რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული პრიორიტეტების, პროგრამების და ქვეპროგრამების შემუშავება (მათში ცვლილებების შეტანა), შერჩევის კოორდინაცია, პროგრამების განხორციელებაზე მონიტორინგი და მათ მიმდინარეობაზე დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება, ასევე დაწესებულებების საშუალოვადიანი გეგმების განახლების პროცესის კოორდინაცია იქნება.
„დაინტერესებულ მხარეებს (არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები) უფლება აქვთ კომისიის საქმიანობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობისათვის წარმოადგინონ თავიანთი წარმომადგენლები (არაუმეტეს 1 წარმომადგენელი) 2014 წლის 11 იანვრამდე"- აცხადებენ სამინისტროში.