რუსული მედიის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, ვოლგოგრადის სარკინიგზო სადგურზე ტერორისტული აქტი შესაძლოა დაღესტნის ბუინაკის დაჯგუფების, რესპუბლიკა მარი ელის ქალაქ ვოლჟსკის მცხოვრებმა პაველ პეჩიონკინმა ჩაიდინა. სხვა ვერსიით, ტერაქტი ქალმა ჩაიდინა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია სამართალდამცავ ორგანოებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, პაველ პეჩიონკინი ბოევიკებს 2012 წლის გაზაფხულზე დაუკავშირდა. მან მუსულმანური სახელი ანსარ არ-რუსი მიიღო. მის საძებნელად დაღესტანში მისი მშობლებიც კი იყვნენ ჩასულნი თუმცა შვილს ვერ მიაგნეს.
მშობლების თქმით, პაველ პეჩიონკინი „სასწრადო დახმარების" ფერშლად მუშაობდა.
რუსული მედია ასევე იუწყება, რომ ტერორისტის შესახებ საბოლოო მონაცემი დნმ-ის ანალიზის შემდეგ გახდება ცნობილი. პაველ პეჩიონკინის მამამ სისხლი და შესაბამისი ანალიზი უკვე ჩააბარა.
რუსული მედია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ოფიციალური პირებისაგან ჯერ ჯერობით ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.
შეგახსნებთ, რომ გუშინ ვოლგოგრადის რკინიგზის სადგურში მომხდარი აფეთქების შედეგად 15 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი დაიღუპა და 35 დაშავდა.