ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მზადაა საქართველოში მოღვაწე ირანული ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდეს და მათთან ერთად განიხილოს ის პრობლემები, რომელიც მათ აქვთ. თუმც კვირიკაშვილი განმარტავს, რომ ეს პრობლემები მთავრობის მხრიდან არ მომდინარეობს.
„ირანული ბიზნესის მიმართ პრობლემების შექმნას ჩვენი მხრიდან ადგილი არ ქონია. საუბარი იყო იმაზე, რომ სავიზო ურთიერთობების ახალი რეგულაციები დაინერგა, თუმცა არა მხოლოდ ირანის, არამედ სხვა ბევრი ქვეყნის მიმართულებით, სადაც გამკაცრდა რეჟიმები. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ტურიზმი როგორც გვქონდა კიდევ უფრო განვითარდეს და გაიზარდოს ეს რიცხვი. რაც შეეხება საბანკო ურთიერთობებს, საბანკო ურთიერთობები არის ის ურთიერთობები, რომელიც განყენებულად რომელიმე ქვეყანაში არ არსებობს. ნებისმიერი გადარიცხვა მოიცავს მინიმუმ ორი ქვეყანის საბანკო სისტემებს შორის კავშირს. საერთაშორისო რეგულაციებით ძალიან დიდი პრობლემები შეექმნათ ირანულ კომპანიებს. მე შემიძლია დაგისახელოთ კომპანია „ფლაი ჯორჯია", რომელიც ტრანზაქციებს ვერ ახორციელებდა. თუმც ეს არ იყო საქართველოს მხრიდან გამოწვეული პრობლემები, ეს იყო პრობლემები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან. უფრო სწორედ უცხოური საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან და ეს იყო საკორესპონდენტო ანგარიშებს შორის ურთიერთობის ასახვა საქართველოს საბანკო ინსტიტუტებში. ეს არ იყო საქართველოს მთავრობის მხრიდან მიზანმიმართული კამპანია. ჩვენ მივესალმებით ამ კომპანიების ფუნქციონირებას საქართველოში, ისევე, როგორც საერთაშორისო ინვესტიციებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინვესტიციები შემოვიდეს საქართველოში"- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა მედიით ვრცედლება ინფორმაცია, რომ ირანულ ბიზნესს საქართველოში პრობლემები ექმნება და ისინი ქვეყანაში ოპერირებას ვეღარ ახერხებენ.