პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ხელფასი 9 000 ლარის ნაცვლად 6 900 ლარი იქნება. როგორც ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განმარტა, გიორგი მარგველაშვილი იზიარებს პოზიციას, რომ მისი ხელფასი 9 000 ლარამდე არ გაიზარდოს, როგორც ამას პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი ითვალისწინებდა.
,,პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გამოთქვა თავისი ვარაუდი, რომ ტრადიცია არ უნდა დაირღვეს, რომ სასამართლოს თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს მეტი ხელფასი თუნდაც ფორმალურად, ვიდრე პრეზიდენტს და მთხოვა როგორც კანონპროექტის ავტორს, რომ ციფრი 9 000 შემეცვალა და ყოფილიყო სასამართლოს თავმჯდომარის ხელფასზე ნაკლები, ანუ 7 000 ლარზე ნაკლები", - განაცხადა დავით საგანელიძემ, რომელმაც ის მიზეზებიც განმარტა რის გამცხ პრეზიდენტის ხელფასის გაზრდა მოითხოვა.
,,საქართველოს პრეზიდენტების შემოსავალი ქაღალდზე ძალიან მცირე იყო, ამაზე არავინ საუბრობდა, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტებს ყოველთვის ჰქონდათ საშუალება, გაეწიათ იმ მოცულობის ხარჯები, რის სურვილიც მათ ჰქონდათ. ძალიან ბევრი შემთხვევა იყო, მათ შორის უახლოეს ხანებში, როცა გამოქვეყნდა პრეზიდენტის მიერ სხვადასხვა ფონდებიდან გაწეული ხარჯები, თუნდაც პრეზიდენტის ფონდიდან. გამართლება იმის, რომ ესა თუ ის ხარჯი იყო საჭირო და აუცილებელი, ყველას ძალიან უხერხულ მდგომარეობაში გვაყენებდა. მეორეს მხრივ, საქართველოს დღევანდელ პრეზიდენტს, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ და მქონდა პატივი მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ვყოფილიყავი, პირადად მე, როგორ უმრავლესობის ლიდერმა საჭიროდ ჩავთვალე, აღნიშნული ინიციატივით გამოვსულიყავი და მეთქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს იმდენი შემოსავალი უნდა ჰქონდეს, რომლითაც პრეზიდენტს, ქვეყნის პირველ პირსა და სახეს, საშუალება ექნება ყოველთვის საზოგადოების წინაშე წარსდგეს ისე, როგორც მე, როგორც ამ ქვეყნის შვილს გამიხარდებოდა", - განაცხადა დავით საგანელიძემ.
შეგახსენებთ, რომ "საქართველოს პრეზიდენტის შრომითი ანაზღაურების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა.