დღეს, 12 მარტს, 16:00 საათზე, ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ოფისში (ჭოველიძის ქ # 10) გაიმართება სტუდია "მონიტორის" ჟურნალისტური გამოძიების მორიგი ფილმის პრეზენტაცია.
ორგანიზატორთა განცხადებით, ფილმში 2009 წლის 6 მაისს თბილისის პოლიციის სამმართველოს წინ გამართული საპროტესტო აქციაა ასახული.
"აქციის დროს პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად გამოიყენა ბელგიური წარმოების ნაკლებლეტალური იარაღი FN- 303. ამ იარაღის გამოყენების შედეგად ცალ თვალში მხედველობა დაკარგა საქართველოს ორმა მოქალაქემ დავით ჩანტლაძემ და ირაკლი ხომასურიძემ. ირაკლი ხომასურიძე, ჯანდაცვის სამინისტრომ ვენაში გამოკვლევების ჩასატარებლად წაიყვანა, თუმცა შემდგომში მისი ჯანმრთელობის პრობლემებით არავინ დაინტერესებულა", _ აცხადებენ ისინი.
მათი ნიფორმაციით, დღესდღეობით ჩანტლაძისა და ხომასურიძის მიმართ სახელმწიფო არ იჩენს ინტერესს, ისინი ჯანმრთელობის პრობლემებს მხოლოდ ახლობლებისა და მედიკოსების უანგარო შრომის წყალობით უმკლავდებიან.
"აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრულია, მაგრამ არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ რეალურად გამოძიება არ მიმდინარეობს. ამ ეჭვს ამყარებს ის ფაქტიც რომ არც ხომასურიძე და არც ჩანტლაძე დაზარალებულებად ცნობილები არ არიან, გარდა ამისა, 6 მაისის ინციდენტთან დაკვშირებით არ არიან დაკითხული ის დაზარალებული მოქალაქეები, რომლებმაც საჩივრით მიმართეს ქ. თბილისის პროკურატურას და მოითხოვეს 6 მაისის ინციდენტის ობიექტური და სწრაფი გამოძიება", _ აცხადებენ ისინი.