ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების „თელასისა" და „ენერგო პროს", ასევე გადაცემისა და გენერაციის ობიექტების წარმომადგენლების მონაწილეობით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში გაიმართა დისკუსია მრგვალი მაგიდის გარშემო. აღნიშნული ღონისძიება შედგა „თვინინგის" პროექტის „ელექტროენერგიის წამახალისებელი სატარიფო მეთოდოლოგია" ფარგლებში, რომლის ბიუჯეტი € 1,1 მლნ ევროა. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. 21 თვის განმავლობაში სემეკს სატარიფო მეთოდოლოგიის დახვეწის შესახებ რეკომენდაციებს გაუწევენ კოლეგა ორგანიზაციები: E-Control (ავსტრია), BNetzA (გერმანია) და PUC (ლატვია), ასევე ავტრიის ენერგეტიკული ბირჟა EXAA.
ავსტრიის მარეგულირებელი ორგანოს თანამშრომლებმა ლეო კამერდინერმა და როლანდ გორლიჰმა წარმოადგინეს შემოთავაზებული მეთოდოლოგიის საკვანძო საკითხები. განხილულ იქნა „ხარჯები პლუს" და წამახალისებელი რეგულირების, ასევე WACC-ისა და შედარებითი ანალიზის სხვადასხვა ასპექტი. მოწვეულმა ექსპერტმა დევიდ ჰოლდერნმა ისაუბრა რეგულირების რეჟიმში მომსახურების ხარისხის სტანდარტების გათვალისწინების შესახებ.
სემეკის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ და კომისიის წევრმა გოჩა შონიამ, რომელიც პროექტის ლიდერია ქართული მხრიდან, აღნიშნეს, რომ წარმოდგენილი შეფასებები და მოსაზრებები განხილული იქნება მოქმედ სატარიფო მეთოდოლოგიაში ცვლილებების შეტანის პროცესში.
ამ ღონისძიებით პროექტი დასასრულს უახლოვდება. ახალი სატარიფო მეთოდოლოგიის შემოღებით, რაც 2014 წელს იგეგმება, საქართველო კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს ენერგეტიკის რეგულირების ევროპულ სტარდარტებთან მიახლოებისაკენ.