2013 წელი მნიშვნელოვანი, წარმატებული და გარდამტეხი წელი იყო ქართული თეატრისათვის. საქართველოს თეატრებმა ფუნქციონირება დაიწყეს ახალი კანონის „პროფესიული თეატრების შესახებ" შესაბამისად. 2013 წელს საქართველოს 50-მდე თეატრში დაინიშნა ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი.
წლის განმავლობაში 200-ზე მეტი ახალი სპექტაკლი დაიდგა საქართველოს 48 სახელმწიფო და კერძო თეატრში, რაც შარშანდელ წელთან შედარებით 46%-ით მეტია.
მნიშვნელოვანი თეატრალური მოვლენა, თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის აზრით, წელსაც რჩება თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, მიხეილ თუმანიშვილის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „საჩუქარი" აღდგენა და თეატრალური პრემია „დურუჯის" დაჯილდოების ცერემონიალი.
წელს დიდი წარმატება ჰქონდა ქართულ თეატრს საერთაშორისო ასპარესზე. საქართველოს 10-ზე მეტი თეატრი საგასტროლოს იმყოფებოდა საქართველპოს ფარგლებს გარეთ, რომელთაგან აღსანიშნავია მარჯანიშვილის თეატრის საგასტროლო ტურნე ევროპაში ლევან წულაძის სპექტაკლით „როგორც გენებოთ", სპექტაკლი წარმოდგენილი იყო მეორე მიწვევით შექსპირის თეატრში „გლობუსი" ფესტივალის „მსოფლიო გლობუსში" ფარგლებში.
მნიშვნელოვანი მოვლენა იყო თბილისის ალ. გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის წარმატება საერთაშორისო ფესტივალებზე. მათ შორის, ავთანდილ ვარსიმაშვილის სპექტაკლმა „ფეხმარდი ცხენი" სლავური კულტურის საერთაშორისო ფესტივალზე „ოქროს რაინდი" გრან-პრი დაიმსახურა. გრი¬ბო¬ე¬დოვს თე¬ატრს მი¬ე¬ნი¬ჭა ასევე პრე¬მია „თე¬ატ¬რა¬ლის ვარ¬ს¬კ¬ვ¬ლა¬ვი" ნო¬მი¬ნაცი¬ა¬ში „სა¬უ¬კე¬თე¬სი რუ¬სუ¬ლი თე¬ატ¬რი საზღ¬ვარ¬გა¬რეთ".
2013 წელს განხორციელებულ დადგმებს შორის სათეატრო კრიტიკის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა სპექტაკლებმა : „ტროელი ქალები" (სამეფო უბნის თეატრი, რეჟისორი დათა თავაძე), „გრონჰოლმის მეთოდი" (მარჯანიშვილის თეატრი, რეჟისორი თემურ ჩხეიძე), „ზამთრის ზღაპარი" (თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი, რეჟისორი დათა თავაძე), „ტარტიუფი" (მარჯანიშვილის თეატრი, რეჟისორი ლევან წულაძე).
2013 წლის განმავლობაში სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა ფოთის, ბათუმის მოზარდ მაყურებელთა და ილიაუნის თეატრებში. ახალი წლიდან ეს თეატრები რეკონსტრუირებულ შენობებში გამართავენ პრემიერებს.
2013 წელს ქართულმა თეატრმა მნიშვნელოვანი დანაკლისი განიცადა. გარდაიცვალა მსახიობი ოთარ მეღვინეთუხუცესი, რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე, სცენოგრაფი თემურ ნინუა და თეატრმცოდნე ნათელა ურუშაძე.