უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2013 წლის იანვარ-ნოემბერში კვლავ ნავთობი და ნავთობპროდუქტები რჩება, რომლის იმპორტმა 841 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 12 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 638 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 9 პროცენტი იყო. მესამე ადგილზეა ნავთობის აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების სასაქონლო ჯგუფი 248 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4 პროცენტი).
აღსანიშნავია, რომ 2013 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 9681 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 4 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 2618 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (20 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 7064 მლნ. აშშ დოლარს (2 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2013 წლის იანვარ-ნოემბერში 4446 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46 პროცენტი შეადგინა.