კოლხეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილება მოტორიანი ნავით (არა უმეტეს 30 ცხ.ძ.) 2016 წლის 1 იანვრამდე იქნება დაშვებული. ამ მიზნით ცვლილება "კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ" საქართველოს კანონში შედის. კანონპროექტი, პარლამენტის წევრების გიორგი ცაგარეიშვილისა და ეკა ბესელიას მიერ არის ინიცირებული. გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, კანონპროექტის მომზადება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა შეშისა და თივის გამოზიდვას კოლხეთის ეროვნული ტერიტორიიდან ახორციელებს, როგორც ელექტროძრავიანი, ასევე თხევადსაწვავიანი მოტორიანი ნავებით. მოქმედი კანონმდებლობით, მოსახლეობის გადაადგილება თხევად საწვავზე მომუშავე შიგაწვისძრავიანი ნავით დასაშვებია მხოლოდ 2014 წლის 1 იანვრამდე, მათ კი ამ ეტაპზე ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ვერ მოახერხეს ელექტროძრავიანი ნავების შეძენა. გამოუვალი მდგომარეობის გამო ხდება კანონის აღნიშნული მუხლის ამოქმედების გადავადება კიდევ ორი წლით.
მასალის გამოყენების პირობები