საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრს საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მაისური აჩუქა.
როგორც პრეზიდენტმა დონალდ ტუსკთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს ნაკრების მაისური მადლიერების სიმბოლური ნიშანია, რადგან პოლონეთი საქართველოსთან ერთად ერთ დიდი გუნდში თამაშობს.
"ფეხბურთის აღორძინებითაც ვართ დაკავებული და გვინდა ამ სფეროშიც ისეთივე წარმატებას მივაღწიოთ, როგორც კორუფციასთან ბრძოლაში და ბიზნესის კეთებაში მივაღწიეთ. აქამდე ბევრი გვიკლია, თუმცა კარგი ფეხბურთელები გვყავს. თქვენ ძალიან წამატებული ქვეყნის მთავრობის ლიდერი ბრძანდებით და ჩემგან განსხვავებით სპორტული ფორმაც შეინარჩუნეთ. მინდა მადლიერების ნიშნად საქართველოს ნაკრების მაისური გადმოგცეთ, რადგან ჩვენთან ერთად ერთ დიდი გუნდში თამაშობთ", - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ მსოფლიო პოლიტიკაში ერთად თამაში აუცილებლად გავიმარჯვებით დასრულდება.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი თბილისს დღეს ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში ტუსკმა პირველი შეხვედრა ქართველ კოლეგასთან ნიკოლოზ გილაურთან გამართა, რის შემდეგაც საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულების მემორიალი გვირგვინით შეამკო. მან შეხვედრები ოპოზიციისა და ევროკავშირის მონიტორინგის წევრებთანაც გამართა. დღესვე პოლონეთის პრემიერმა ჯვრის მონასტერი და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი დაათვალიერა. პოლონეთის პრემიერი თბილისს 12 მარტს დატოვებს.