საქართველო საერთაშორისო არენაზე ისეთი აქტიურია, როგორც არასდროს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხვალ ბრიუსელში მიდის, სადაც ევროკომისიის ხელმძღვანელებს შეხვდება. ასევე საგარეო საქმეთა მინისტრმა რამდენიმე ევროპული ქვეყანა მოიარა, სანამ იაპონიაში წავიდოდა. ყველა ჩვენი ჯგუფები აქტიურ დიპლომატიურ ფაზაზეა და საერთაშორისო არენაზე საქართველოს არის ისეთი აქტიური როგორც არასდროს", - აღნიშნა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, დიპლომატიური შეხვედრების კუთხით ევროპის ქვეყნების მხრიდან დიდი ინტერესი იკვეთება.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი თბილისს დღეს ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში ტუსკმა პირველი შეხვედრა ქართველ კოლეგასთან ნიკოლოზ გილაურთან გამართა, რის შემდეგაც საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულების მემორიალი გვირგვინით შეამკო. მან შეხვედრები ოპოზიციისა და ევროკავშირის მონიტორინგის წევრებთანაც გამართა. დღესვე პოლონეთის პრემიერმა ჯვრის მონასტერი და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი დაათვალიერა. პოლონეთის პრემიერი თბილისს 12 მარტს დატოვებს.