საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველო ეცდება პოლონეთს ეკონომიკური ზრდის კუთხით დაეწიოს. ამის შესახებ სააკაშვილმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"პოლონეთის პრემიერ მინისტრის ვიზიტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის არის ევროპული ქვეყნის ყველაზე წარმატებული მთავრობის ხელმძღვანელი. პოლონეთი გასულ წელს ერთ-ერთი იყო, სადაც ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. შევეცდებით, ამ კუთხით პოლონეთს ჩვენც დავეწიოთ", - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა დონალდ ტუსკს მისი და პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის მხრიდან გამოჩენილი მხარდაჭერისთვის.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი თბილისს დღეს ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში ტუსკმა პირველი შეხვედრა ქართველ კოლეგასთან ნიკოლოზ გილაურთან გამართა, რის შემდეგაც საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულების მემორიალი გვირგვინით შეამკო. მან შეხვედრები ოპოზიციისა და ევროკავშირის მონიტორინგის წევრებთანაც გამართა. დღესვე პოლონეთის პრემიერმა ჯვრის მონასტერი და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი დაათვალიერა. პოლონეთის პრემიერი თბილისს 12 მარტს დატოვებს.