ფინანსთა მინისტრის განმარტებით, სახელმწიფო ვალი ინარჩუნებს მდგრადობას. 2013 წლის ბოლოსათვის სახელმწიფო ვალი ნომინალურ მშპ-სთან მიმართებაში დაახლოებით 34.7%, ხოლო საგარეო ვალი 27.2% იქნება.
როგორც ნოდარ ხადურმა, 2013 წლის შეჯამებისას განაცხადა, დღეის მდგომარეობით. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების/განვითარების პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით შეღავათიანი სესხების და გრანტების სახით მიმდინარეობს დაახლოებით 40 პროექტი.
„აღნიშნული პროექტების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 5 მილიარდ ლარს და განკუთვნილია საგზაო, ურბანული და მუნიციპალური, წყლისა და კანალიზაციის ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, განათლების, იძულებით გადაადგილებულ პირთა და სხვა პროექტებისთვის"- განაცხადა ხადურმა.
ფინანსთა მინისტრის თქმით, 2013-2014 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს უწევს 1 მლრდ დოლარის საგარეო ვალის მომსახურება, რაც ხადურის აზრით, საკმაოდ მძიმე ტვირთია. მისივე ინფორმაციით, 2013-2014 წლების შემდეგ პიკი 2021 წელი იქნება, როდესაც ქვეყანას 500 მლნ დოლარის ევროობლიგაციების მომსახურება მოუწევს.