სამწუხაროდ ამ ავად სახსენებელი კოჰაბიტაციისა და პოლიტიკური გაურკვევლობის გამო, ჩვენ სერიოზული პრობლემა გვქონდა უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით, აღნიშნულის შესახებ განცხადებას ფინანსთა მინისტრი აკეთებს, რომელმაც დღეს საზოგადოებას 2013 წლის ანგარიში ჩააბარა. ხადურის განმარტებით, აღნიშნული პრობლემა ძირითადად 2013 წლის პირველ კვარტალში შენიშნებოდა.
„სამწუხაროდ ამ ავად სახსენებელი კოჰაბიტაციისა და პოლიტიკური გაურკვევლობის გამო ჩვენ სერიოზული პრობლემა გვქონდა უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით პირველ კვარტალში. პირველ კვარტალში გვქონდა კლება, მაგრამ მეორე კვარტლიდან უკვე დაიწყო უცხოური ინვესტიციების ზრდა. 9 თვის მონაცემებით, საქართველოში წელს 20 მლნ დოლარით მეტი ინვესტიციაა განხორციელებული, ვიდრე განხორციელდა 2012 წლის შესაბამის პერიოდში. თქვენ ხედავთ, რომ საკმაოდ სერიოზული ზრდა გვაქვს და თავისთავად ცხადია, რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალ წლებში უცხოური ინვესტიციების მოცულობა კიდევ უნდა გაიზარდოს. სამწუხაროდ საქართველოში შიდა დაზოგვა არ არის საკმარისი ეკონომიკაში საკუთარი რესურსებით სერიოზული ინვესტიციებისათვის და ამიტომ ჩვენ გვიწევს, რომ აქცენტი გადავიტანოთ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე"- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.