2013 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 2,5 %-ი იქნება. როგორც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა 2013 წლის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას განმარტა, 2013 წელს ნაცვლად დაგეგმილი 6 %-იანი ეკონომიკური ზრდისა, ზრდა მხოლოდ 2,5 %-ის ფარგლებში იქნება.
„მინდა გითხრათ, რომ ოქტომბერსა და ნოემბერში აშკარად შეინიშნება გამოცოცხლება. ჩვენ ჯერ არ გვაქვს მშპ-ს შეფასებითი მაჩვენებლები, მაგრამ გვაქვს დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვის მაჩვენებლები. ოქტომბრამდე ეს მაჩვენებელი ყოველთვის უარყოფითი იყო იყო, ოქტომბერში კი 5,9 %-ი შეადგინა, ხოლო ნოემბერში 14,4 %-ი, რას ძალიან კარგი მაჩვენებელია. ეს კი ადასტურებს, რომ ქვეყანაში ეკონომიკაში გამოცოცხლება შეინიშნება"- განაცხადა მინისტრმა და განმარტა, რომ საკმაოდ გამოცოცხლებულია მშენებლობის სექტორი და ნოემბრის მონაცემებით იმპორტი უკვე გაზრდილია.
„საქართველოს ეკონომიკა სტრუქტურულად იცვლება და ნაცვლად იმისა, რომ ეკონომიკური ზრდა როგორც წინა პერიოდში მიღწეული იყო „მათრახის პრინციპით", ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეკონომიკაში მთავარი გამწევი ძალა უნდა იყოს თავისუფალი ბიზნესი, კერძო სექტორი და ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ბიზნესი იყოს თავისუფალი, დაცული იყოს საკუთრების უფლება, შეიქმნას შესაბამისი ბიზნესგარემო, რათა ადამიანებს ქონდეთ სურვილი აწარმოონ ქვეყანაში პროდუქცია და გარდა ქართული ბაზრისა ის თავისუფლად გაიტანონ ევროპულ, რუსულ და მეზობელი ქვეყნების ბაზრებზე, რაც წაახალისებს ინვესტიციებს"- აღნიშნა ნოდარ ხადურმა.